ერთი შეხედვით, „უწყინარი“ მხატვრული ინტერპრეტაციით საერთაშორისო რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა დიდი პროვოკაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი – საზოგადოება ქართული – პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე
საზოგადოება ქართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადიკალებმა მიაღწიეს მთავარს, საჯაროდ და გამომწვევად გააშარჟეს დიდი რელიგიური საიდუმლო და დაშვებულ ქცევის მისაღებ ნორმად წარმოაჩინეს ქრისტიანობის დაცინვა და შეურაცხყოფა.
“გვინდა გამოვეხმაუროთ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომლის სკანდალის ექო სერიოზული განსჯისა და ფიქრის საგანია მთელ მსოფლიოში.
ამ, ერთი შეხედვით, „უწყინარი“ მხატვრული ინტერპრეტაციით საერთაშორისო რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა დიდი პროვოკაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი.
არ დარჩენილა მსოფლიოს არცერთი კონფესია, რელიგიური ლიდერი და სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც არ გამოხმაურებოდა და არ დაეგმო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ეს ცინიკური აქტი, რამაც აიძულა რადიკალები ბოდიში მოეხადათ. მაგრამ, რადიკალებმა მიაღწიეს მთავარს, საჯაროდ და გამომწვევად გააშარჟეს დიდი რელიგიური საიდუმლო და დაშვებულ ქცევის მისაღებ ნორმად წარმოაჩინეს ქრისტიანობის დაცინვა და შეურაცხყოფა.
ამას წლებია არანაკლებ „წარმატებით“ და გამომწვევად აკეთებს სხვა, არანაკლებ პოპულარული საერთაშორისო ევროპული პლატფორმა #ევროვიზია, რომლის კონკურსებიც ბოლო წლებში სატანიზმისა და ლგბტ პროპაგანდის ასპარეზადაა ქცეული. ამას არ უნდა შეეგუოს დიდი ქრისტიანული სამყარო.
დღეს ჩვენ, როგორც მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი, უშუალო მონაწილენი ვართ იმ გლობალური ისტორიული პროცესის, რომელშიც ნეოლიბერალურ და კონსერვატიულ ძალებს შორის გადამწყვეტი ომი მიმდინარეობს და ეს ომი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებებზე გადის. რადიკალური ნეოლიბერალური ძალებს არაფერი აქვთ ახალი შესათავაზებელი მსოფლიოსთვის და იმისათვის, რომ დაძლიონ საკუთარი იდეოლოგიური, კულტურული და სულიერი კრიზისი, ცდილობენ საზოგადოებების გათიშვით, პროცესების რადიკალიზაციითა და მსოფლიოში ომების გაჩაღებით აიცილონ ისტორიის მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენი.
ამ ბრძოლაში მათთვის უმცირესობები მხოლოდ ინსტრუმენტია და არა მიზანი. სავსებით სამართლიანი ბრძოლა უმცირესობის უფლებებისთვის და მათზე ძალადობის აღსაკვეთად, ნეოლიბერალური რადიკალების ხელში იქცა უმცირესობის მიერ უმრავლესობის დამორჩილებისა და ტრადიციული ლ ინსტიტუტებთან ბრძოლის ეფექტურ იარაღად. ამ შემთხვევაში, უმცირესობა და მათი იდეოლოგია მხოლოდ საშუალებაა რადიკალებისთვის, რათა ამ სენსიტიური თემით მძლევლად ჰყავდეთ აყვანილი ჰუმანიზმზე და სამართლიანობაზე ორიენტირებული მსოფლიო საზოგადოება.
გლობალური იდეოლოგიური ომი საქართველოშიც ისეთივე აქტუალური და მწვავეა, როგორც მთელ მსოფლიოში. იქაც და აქაც რადიკალების ხელწერა ერთია: საზოგადოების დაყოფა, მთავარიდან ყურადღების გადატანა მეორეხარისხოვანზე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, მანიპულაციები და დაშინება და, რაც მთავარია, სიძულვილის ენა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ტელევიზიები, პრესა და სოციალური ქსელები წალეკა ურთიერთსიძულვილის, რეალური ავტორიტეტების დაუმსახურებლად განქიქების, ადამიანის ღირსების შელახვის, უნიჭობის მოდად წარმოჩენისა და ნიჭიერების „დაბულინგების“ ტოქსიკურმა ატმოსფერომ.
ფაქტია ისიც, რომ ურთიერთმტრობა და რადიკალური საზოგადოებრივი პოლარიზაცია წახალისებულია და მართულია გარედან მსუყედ დაფინანსებული ისეთი ორგანიზაციების ხელით, რომლებიც ერის გახლეჩაზე, მისი იდენტობის წაშლაზე, ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ქართული ღირებულებების ლგბტ იდეოლოგიით ჩანაცვლებზე და ამის მიმღები გადაგვარებული „ახალი ქართველის“ გამოყვანაზე არიან ორიენტირებულები.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა უკვე მოახდინა ყველა იმ საერთაშორისო თუ მათი მოკავშირე ადგილობრივი ძალის და ინსტიტუტის გამჭვირვალობა, ვინც რეალურად ქართულ იდენტობასა და სუვერენიტეტს ებრძვის. არანაკლები მნიშვნელობის იქნება ქვეყნისთვის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღება. ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ეს კანონი ნაადრევია და დაგვაშორებს ევროპას, მათ მოვუწოდებთ, რეალურად შეხედონ მოვლენებს და გაითვალისინონ პარიზის ინციდენტის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ყველა დასავლური მოვლენის გაფეტიშება და უკრიტიკოდ მიღება არის დამაზიანებელი, ხოლო შემგუებლობა ე.წ. გენდერული იდეოლოგიისადმი – კონტპროდუქტიული. ეს არაა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომელსაც ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსები ქადაგებენ და არა მთელი ცივილიზებული დასავლური სამყარო.
პარიზის სკანდალის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აღარ არის მოვლენების შორიდან ცქერის დრო. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო სიმტკიცე და დავდგეთ იდენტობისა და მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე, რადგან, ერთი მხრივ, მეორე ფრონტის და, მეორე მხრივ, აგრესიული ლგბტ იდეოლოგიდან მომდინარე საფრთხეები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და ამ ორ საშიშროებასთან გამკლავების გარეშე, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ, ვერც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ვერც სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ და ვერც ქვეყანას გადავარჩენთ და განვავითარებთ”, – წერია განცხადებაში.