დღეს ლეილა აბაშიძე 95 წლის გახდებოდა
დღეს ლეილა აბაშიძე 95 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ლეილა აბაშიძის ხსოვნას და მის მნიშვნელოვან წვლილს ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაში.
„ლეილა აბაშიძე 1929 წელს თბილისში დაიბადა. პროფესიული განათლება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე მიიღო.
ლეილა აბაშიძის არტისტული კარიერა ბავშვობიდან იწყება, როცა ფილმში „ქაჯანა“ არაჩვეულებრივი უშუალობით განასახიერა კატოს როლი. მსახიობი დიდ ყურადღებას იქცევდა თეატრალური ინსტიტუტის საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებშიც, როგორც დიდი პერსპექტივის მქონე მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან გამორჩეულია: იუტა („ოქროს ბილიკი“, 1944), ნაზიბროლა („აკაკის აკვანი“, 1948), ნინო („გაზაფხული საკენში“, 1950), ჭრიჭინა („ჭრიჭინა“, 1953), ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1953), ლია („აბეზარა“, 1956), მანანა („ჩვენი ეზო”, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1958), მზია („სად არის შენი ბედნიერება მზია?“, 1959), დაგმარა („მე ვიცეკვებ”, 1962), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ლალი, მზევინარი (,,შეხვედრა მთაში“, 1966), ქეთევანი („მოლოდინი“, 1970), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969-70), ლია („გასეირნება თბილისში“, 1976-77), შერვაშიძე („პარიზი – თბილისი“, 1980). ფილმ ,,პარიზი – თბილისის” რეჟისორი და სცენარის ავტორიც თვითონ იყო.
მსახიობის ბოლო ნამუშევარია მსახიობი ქალის როლი ლანა ღოღობერიძის ფილმში „ორომტრიალი“ (1986).
აღსანიშნავია მისი ჯილდოებიც. 1969 წელს ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ნინოს სახის შექმნისათვის მიენიჭა პირველი პრემია „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალზე. 1987 წელს იმავე კატეგორიაში დაჯილდოვდა იაპონიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე. 1958 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1964 წელს ჩეჩენო-ინგუშეთის სახალხო არტისტის, 1965 წელს კი – საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება.
მაყურებელმა მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა 2009 წელს კიდევ ერთხელ გამოხატა, როცა კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამავე წელს მსახიობს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც.
ლეილა აბაშიძე ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც შესანიშნავი სახეებით გაამდიდრა ქართული კინომატიანე. მის შემოქმედებას მსჭვალავს სიცოცხლის პათოსი, ნათელი ოპტიმიზმი და რომანტიკული შემართება.
მსახიობის შემოქმედებითი პალიტრა კომიკურ, მკვეთრად სახასიათო ტიპაჟებთან ერთად გამდიდრებულია შთამბეჭდავი დრამატული სახეებითაც, რაც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს ხელოვანს თანამედროვე ქართული კინოხელოვნების ისტორიაში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.