გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა, „ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
როგორც ისრაელის მედია წერს, 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, დაღუპულთა რიცხვი კი, შესაძლოა, გაიზარდოს. როგორც ცნობილია რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებენ, ხოლო „ჰეზბოლა“ მომხდართან კავშირს უარყოფს.
„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ცრუობს.
„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – ამბობს ჰაგარი.