რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში – პაპუაშვილი

გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე.

„გამოძიება სრულად დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებსა და წარმოდგენებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ ყველას როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ხომ ვიცით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. ნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. საქართველო კინაღამ ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში. რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა სიტუაცია, ვისი ტყვია გაისვრიდა და ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში. ამ ოპოზიციისგან ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ისინი რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ! ის ფურცელი, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, ქვეყნის ღალატის, სხვა ჯგუფების და გარე ძალები ინტერესში დგომის ხელწერილი, ამ ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვთ. ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი, შებოჭვა და წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ ეს ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები