„პოლონეთის მთავრობის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება გვაქვს“ – ზელენსკი უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე
პოლონეთის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილებაა კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მალე მიიღოს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„გუშინ, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შევხვდი, რათა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განგვეხილა. დღეს კი კონკრეტულ საკითხზე პოლონეთის მთავრობის დადებითი გადაწყვეტილება გვაქვს, რომელიც უკრაინას F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების უფრო ადრე მიღების საშუალებას მისცემს“, – წერს ის.
ზელენსკიმ ტუსკს წინა შეთანხმებების ეფექტურად შესრულებისთვის და პოლონეთის მიერ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივლისს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.