ნიკოლოზ სამხარაძე: განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები – ავსტრია არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში
„ავსტრია არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იქნა განხილული, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, ასევე უსაფრთხოების გარემო რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ვითარება, ასევე განვიხილეთ წინასაარჩევნო მზადების პროცესი. იყო საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ავსტრია არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ინფორმაციისთვის, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქართული მხარის მოწვევით პარლამენტში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.