ვახტანგ ცინცაძე: ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების სახით, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ასევე აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.