მამუკა მდინარაძე: გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთ-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო
გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთ-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, დაშანტაჟებისა თუ პროტესტის გამო ამნისტიის მუხლებში დამატების სახით ცვლილება არ შევა.
„ნურავინ ითაღლითებს, ეს არ ეხებათ ამ დარბაზში მსხდომებს. გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთ-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო. ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არც ერთი პუნქტი არ დაემატება. თუკი ვინმეს უნდა, რომ არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ დაგვაშანტაჟოს ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით. ასე არ იქნება. თუ რამეს არ შეეხება ამნისტია სწორედ ამ ფორმითა და გზის გავლით არ შეეხება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.