მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, „თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.
მინისტრის მოადგილემ მსმენელებს ქვეყნის ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამინისტრომ მიიღო ახალ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის მეტი პოპულარიზებისა და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამოქმედების შემდეგ თავის წვლილს შეიტანენ როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, რომ კურსის მსმენელებმა მეტი შეიტყონ სხვადასხვა საჯარო უწყებების საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სკოლის მსმენელების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 20 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით ტარდება. თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება.
სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.