„დიდი ოდენობის სესხები აჩენს რისკს, რომ თანამდებობის პირებმა სხვა შემოსავალი ეძებონ“
მაღალი თანამდებების პირების მხრიდან დიდი ოდენობით სესხების აღებაზე საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა პრესკონფერენცია გამართა და კონკრეტული თანხაც დაასახელა, რაც თანამდებებოს პირებმა სესხის სახით კომერციული ბანკებიდან აიღეს. „მაღალჩინოსნების დიდი სესხები აჩენს რისკებს, რომ მათ, ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი ეძებონ. როდესაც სახელმწიფო მოხელეს ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს და ხელფასის 60%-ით სესხს ფარავს, გარკვეული კითხვები ჩნდება. მაგალითად, როცა მინისტრი 190 000-იან სესხს იღებს და ხელფასის 80%-ს ყოველთვიურად სესხის დაფარვაში იხდის, რა რჩება მას ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ამხელა საბანკო ვალდებულება რისკის შემცველია“,- განცხადება „კვირას“ პრესკლუბში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, სასურველია მინისტრებს ისეთი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ, რომ კორუფციის რისკები შემცირებული იყოს. „კვლევებით, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა, საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დიდი ოდენობიოს სესხი თანამდებობა დაკავების შემდეგ აიღო. საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ მოხდება ამ სესხის დაფარვა. სესხის აღება დანაშაული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ვალდებულებების დაფარვის მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენება არ მოხდეს“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მინისტრებისა და მათი მოადგილეების საბანკო კრედიტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციამ გაარკვია, რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ შემთხვევაში სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.