ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ მძევლის, შირი ბიბასის ცხედრის გადაცემის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც ისრაელი შურს იძიებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ მიერ 20 თებერვალს გათავისუფლებული 4 დაღუპული მძევლის იდენტიფიკაციის პროცესი დასრულდა, ერთ-ერთი ცხედარი კი შირი ბიბასს არ ეკუთვნის.
“ეს არის უკიდურესად მძიმე დარღვევა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან, რომელიც შეთანხმებით ვალდებული იყო, დაებრუნებინა ოთხი დაღუპული მძევალი. მოვითხოვთ, რომ „ჰამასმა“ შირი სახლში დააბრუნოს ყველა ჩვენს მძევალთან ერთად“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა “ჰამასი” ცინიკურ ქმედებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ მტკიცედ, რათა შირი სახლში დავაბრუნოთ ყველა ჩვენს მძევალთან ერთად, როგორც ცოცხლებთან, ისე გარდაცვლილებთან. უზრუნველვყოფთ, რომ „ჰამასმა“ საკადრისი პასუხი მიიღოს შეთანხმების დარღვევის გამო“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.