გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 18 კგ თევზი.

თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას მოქალაქე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის მიმდებარედ, მდინარე კაბალზე. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ღორჯოს სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზი.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე კი, მოქალაქემ, ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 5 კგ თევზი.

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები