გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე კანონი გამკაცრდა – რა ცვლილებებია ბრაკონიერობასთან და გემების მიერ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით
გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე კანონი გამკაცრდა. მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ განმარტა, რა ცვლილებები შევა ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან.
“ცვლილებები შევიდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “სისხლის სამართლის კოდექსსა” და “იარაღის შესახებ საქართველოს კანონში”. ცვლილებები, ძირითადად, თევზჭერის პრევენციის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ აქტივობებს შეეხება. ერთ-ერთია ელექტროშოკური აპარატი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ძალიან მავნე იარაღია, წყლის ეკოსისტემას სავალალო შედეგს აყენებს. მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება, მარაგის შემცირებაც კი გამოიწვიოს. სამწუხაროდ, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბრაკონიერები ამ იარაღს დღემდე საკმაოდ აქტიურად იყენებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წინა წლებში დაახლოებით ასობით ფაქტია გამოვლენილი.
რაც შეეხება მომხდარ ცვლილებებს, რომელიც 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, ეს შეეხება ელექტროშოკური აპარატის დამზადებას, შენახვას, გადატანას, ასეთ შემთხვევებში საჯარიმო სანქცია დაწესდა, მაგრამ თავდაპირველად ვიტყვი, რომ ერთმანეთისგან სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერისთვის გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტრონული მოწყობილობის და თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის გამიჯვნა მოხდა, რომელსაც ბრაკონიერები იყენებენ. თევზმიმზიდი ელექტრონული მოწყობილობა თევზჭერის პროცესში ძირითადად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოიყენება და მას მთელს მსოფლიოში მეცნიერები გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასე იქნება დაშვებული. ის “იარაღის შესახებ საქართველოს კანონიდან” გამომდინარე სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენების მექანიზმი მოწესრიგდა. მათი აღრიცხვიანობის მოწესრიგება მოხდება. მათი გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე მოხდება, მაგრამ, ვინც თევზმიმზიდ ელექტრონულ მოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ გამოიყენებს ან შეიძენს, ან გადაიტანს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარით. როგორც აღვნიშნე, ერთმანეთისგან გაიმიჯნა თევზმიმზიდი ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვა და ელექტროშოკური აპარატი, რომელიც ბრაკონიერების მიერ გამოიყენება. ელექტროშოკური აპარატი არის როგორც ქარხნული წარმოების, ასევე შესაძლოა, კუსტარულად დამზადებული იყოს. ასეთი იარაღის გამოყენება, დამზადებაც, შეძენაც, მიწოდებაც, გადატანაც, ტრანსპორტირებაც – ყველანაირი ტიპის ქმედება დასჯადი იქნება. ჯარიმა პირველ შემთხვევაში 3000 ლარი იქნება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 6 000 ლარი. ეს საკმაოდ მაღალი ჯარიმაა. ვფიქრობთ, ამას პრევენციული ხასიათი ექნება.
ელექტროშოკური აპარატის მიმართ მიდგომებს ეტაპობრივად ვამკაცრებთ. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი” მის მიერ გამოვლენილი ფაქტების ანალიზს ახდენს. ამ ანალიტიკაზე დაყრდნობით დღის წესრიგში ელექტროშოკური აპარატის მიმართ გამკაცრების მოთხოვნა ეტაპობრივად დგებოდა. იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა გაიზარდა, შემდგომში ელექტროშოკური აპარატის გამოყენება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან ამოვიდა და პირველივე ჯერზე ელექტროშოკური აპარატის გამოყენება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. ახლანდელი ცვლილებებით, ელექტროშოკური აპარატი საბარგულშიც რომ აღმოჩნდეს , ამაზეც ჯარიმა იქნება.
როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენების ასობით ფაქტი იყო. ბრაკონიერების ძირითადი იარაღი მაინც ელექტროშოკური აპარატი იყო. მოგეხსენებათ, მისი მოქმედების მექანიზმი ისეთია, რომ ადვილად, ბევრი შრომის დახარჯვის გარეშე თევზის მოპოვებაა შესაძლებელი, მაგრამ ბრაკონიერები არ ითვალისწინებენ, რომ ამ თევზთან ერთად ყველაფერი ცოცხალი იხოცება, შეუძლიათ ამით თევზის ბევრი სახეობა გაანადგურონ” – განაცხადა მაია ჩხობაძემ.
მისივე თქმით, ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებით, გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000 ლარამდე გაიზარდა.
“რაც შეეხება მეორე ცვლილებას – რაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შევიდა, ესაა შავ ზღვაზე დაბინძურების თემა. შავი ზღვის თანზიარი 6 სახელმწიფოა. სხვა ქვეყნებთან მიმართებაში საჯარიმო სანქცია დაბინძურებაზე ადეკვატური უნდა იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს არ უნდა ჰქონდეს სურვილი , გამოიაროს ან თურქეთი, ან რუმინეთი, ან ბულგარეთი და საქართველოში მოახდინოს დაბინძურება იმ ლოგიკით, რომ აქ შედარებით დაბალი საჯარიმო სანქციაა. ამიტომ, მეზობელი ქვეყნების საჯარიმო სანქციები გაანალიზდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდილიყო. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტებში ძირითადად უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები იყო, ისინი ა ჩვენი შავი ზღვის აკვატორიას აბინძურებდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ საჯარიმო სანქციის გაზრდა შემაკავებელ ეფექტს გამოიწვევს”, –განაცხადა ჩხობაძემ.
თამუნა შეყილაძე