უზბეკეთის კულტურის დღეების ფარგლებში უზბეკი ხელოვანები ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრნენ
უზბეკეთის კულტურის დღეების ფარგლებში უზბეკი ხელოვანები ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“10-11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო უზბეკეთის კულტურის დღეებს მასპინძლობდა, რომლის ფარგლებშიც კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
ქართული კულტურით დაინტერესებული უზბეკი ხელოვანები და ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ნავრუზი“ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ესტუმრნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს ტრადიციული ქორეოგრაფიული ნომრები უჩვენეს და პროფესიული თუ კულტურული გამოცდილება გაუზიარეს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში უზბეკეთის კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უზბეკეთის კულტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეებთან ერთად უკვე უმასპინძლა სამინისტროში უზბეკეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ბახოდირ ახმედოვსა და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს. შეხვედრებზე განიხილეს კულტურის სფეროში მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული აქტივობა. 10 ივლისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა უმასპინძლა უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტს უზბეკეთის დამსახურებული არტისტის, კამოლიდინ ორინბოევის, დირიჟორობით. სიმფონიურმა ორკესტრმა ქართველი მსმენელისთვის შეასრულა როგორც უზბეკური, ასევე ქართული კომპოზიციები.
გარდა ამისა, უზბეკეთის კულტურის დღეების პროგრამით 11 ივლისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა უზბეკეთის კინოფილმების ჩვენება. მაყურებელმა ნახა სამი ცნობილი ფილმი, რომლებიც უზბეკეთის ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა: „ლოდინი“ (რეჟ. ჯახენგირ ახმედოვა), „რეისი 101“ (რეჟ. არკომ შახნაზაროვი) და „ცვლილება“ (რეჟ. ელკინ ტუიჩიევი).
კინოჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.