გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„რეზოლუცია იმეორებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის აუცილებლობას იმ ფონზე, როცა რუსეთი არ ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველი ორგანოების რეზოლუციებს.
ეს კენჭისყრა ეფუძნება მშვიდობის პირველ სამიტზე მიღებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებს, სადაც მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი -„რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება“ – მთავარი საკითხი იყო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს უსაფრთხოების აღდგენის ყველა სფეროში გაწეული დახმარებისთვის.