სოზარ სუბარი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ სახელი გადაირქვა და ვითომ ახალი სახეები დაამატა, ეს აბსოლუტურად სასოწარკვეთილი გაფართხალება იყო
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ სახელი გადაირქვა და ვითომ ახალი სახეები დაამატა, ეს აბსოლუტურად სასოწარკვეთილი გაფართხალება იყო, – ამის შესახებ „ხალხი ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ოპტიმალურ ფორმას ეძებენ, თუმცა ამის ნახვა შეუძლებელია. ყველა სვლა მათთვისვე საწინააღმდეგოა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ სახელი გადაირქვა და ვითომ ახალი სახეები დაამატა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილი გაფართხალება იყო. იგივეა როცა საუბარია „ლელოს“ და გახარიას პარტიების გაერთიანებაზე. ესაა შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა მათი უცხოელი პატრონების მიერ. იმდენი აქვთ ერთმანეთზე ცუდი ნათქვამი – ერთი მხრივ ხაზარაძე და ჯაფარიძე აბრალებდნენ, რომ [გიორგი გახარია] რუსეთის აგენტია, მეორე მხრივ ის ჯაფარიძე-ხაზარაძეს ქურდებს უწოდებდა. საზოგადოების თვალში ეს იმდენად არადამაჯერებელი და მიუღებელი იქნებოდა, რომ სცადეს ისეთი კონფიგურაცია მოეფიქრებინათ, თითქოს რაღაც გაერთიანება იქმნება პრეზიდენტთან და ამ გაერთიანებას უერთდებიან. არცერთ მათგანს ვინც პრეზიდენტთან გაერთიანდა – ბესელია, შალელიშვილი, ჩუგოშვილი – 0.001 % არ აქვთ თავის პრეზიდენტიანად. ეს მკვდარი წამოწყება იყო და უნდათ ამიტომ, რომ ეს ორი ძალა შეართონ, რომ იქნებ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადაალახინონ, მაგრამ ამით ორივე პარტია დაკარგავს ხმების მნიშვნელოვან ნაწილს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანებაც მკვდრადშობილია“, – აღნიშნა სუბარმა.