ნატა კვაჭანტირაძე: საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში
საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, – ამის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელმაც განმარტა, რომ ქვეყანა მოტივირებულია, ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიიღოს.
„ბიზნესის აქტიურობა სეზონიდან გამომდინარე ძალიან აქტიური და მზარდია. ტურისტული ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, რომ სეზონს წელგამართული და მომსახურების სერვისის მიწოდება გაზარდოს, კიდევ უფრო ცდილობს რომ ეს სერვისები დახვეწოს და გააუმჯობესოს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სერვისი მაინც ერთ-ერთი გამოწვევაა.
საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში და თავისთავად ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ როგორც ქვეყანა მოტივირებულები ვართ, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მივიღოთ.
ჯერ ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულებული არ არის და აქტიურ ფაზაშია და მოლოდინი კიდევ უფრო დადებითი და მზარდია“, – განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
რა შეეხება სამიზნე ბაზრებს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესი აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს ევროპის ბაზარზე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
„ახლა აქტუალურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები ევროპის ბაზრებზე, რადგანაც ევროპა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ევროპის მიმართულებით სამუშაო პროცესის გაორმაგება გვჭირდება, რაც მოიცავს როგორც მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე ცნობადობის ნაწილში სხვადასხვა ტიპის კამპანიების ჩატარებას იმისთვის, რომ ქვეყანა პოზიციონირდეს როგორც უსაფრთხო, მოგზაურობისთვის საინტერესო და ევროპასთან ახლოს მდებარე ქვეყანა. ჩვენ, ბიზნესის მხრიდან ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ევროპა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე, მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესპარტნიორი იმისთვის, რომ ქვეყანაში სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს კვაჭანტირაძე.
ნატა კვაჭანტირაძის განმარტებითვე, პირდაპირი ავიარეისები და გაზრდილი სიხშირეები დიდწილად განაპირობებენ ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
„სტატისტიკაში უფრო ჭარბობენ სტუმრები აზიის ქვეყნებიდან, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია პირდაპირი ავიარეისების გახშირებით. მაგალითად, ინდოეთთან მიმართებაში და ეს გასაკვირიც არ არის. სადაც ხელმისაწვდომი და გამარტივებული ბაზარი ჩნდება ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ის ქვეყანა აძლიერებს ტურისტულ საქმიანობას. საქართველო როგორც დანიშნულების ქვეყანა საინტერესოა ინდოეთისთვის და ამ კუთხით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა“, – ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.