უკრაინასა და ევროკავშირს შორის €5,27 მილიარდიანი შეთანხმება გაფორმდა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის, რომელიც Ukraine Facility-ის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 5,27 მილიარდი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარების მიღებას არეგულირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მთავრობამ Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 5,27 მილიარდი ევროს საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.

აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს ეკონომიკის ძირითადი სექტორების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სვირიდენკომ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირისგან საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ მთავრობამ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საბოლოო შეთანხმება, რომელიც საჭიროა Ukraine Facility-ის პროგრამის სრულად დასაწყებად.

ჯამში, 2024 წელს უკრაინა 16 მილიარდი ევროს მხარდაჭერის მიღებას ელის, საიდანაც 3 მილიარდი ევრო საგრანტო დახმარება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები