მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემა 90-იან წლებში დაიწყო, რასაც შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მმართველობის შედეგად დიდი მიგრაცია მოჰყვა. ჩიბურდანიძის განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლებამ 18 ინიციატივა განახორციელა, შემცირდა მიგრაციაც და დემოგრაფიის კუთხით დადებითი დინამიკაა.
„2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, 2014 წლიდან უკვე პირველი ინიციატივები შევიდა ძალაში. დღეის მონაცემებით, 18 ინიციატივაა განხორციელებული, ფულადი დახმარება მესამე და შემდგომ ახალშობილზე, მაღალმთიან რეგიონებში – პირველზე და მეორეზე და ა.შ.
ბევრი რამ არის გაკეთებული, მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, რამაც გარკვეული შედეგი მოგვცა და ამაზე თავად გაერო წერს, მაგრამ რატომ არის დღეს შობადობის პრობლემა? გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა 90-იან წლებში დაიწყო, არის ერთი მთავარი მიზეზი, 90-იან წლებს მიჰყვა დიდი მიგრაციის ტალღა – სააკაშვილის პერიოდში ქვეყნიდან დაახლოებით 300 000 მოქალაქე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „ქართული ოცნების” პერიოდში, ბოლო 12 წელიწადში, ასევე არის მიგრაცია – 12 წლის განმავლობაში დაახლოებით 180 000 ადამიანია ქვეყნიდან გასული. გიორგი ვაშაძე რომ ამბობს 800 000 ადამიანია ქვეყნიდან გასულიო, ეს ციფრი არის ტურისტულად გასული ადამიანების, მათ შორის ვარ მეც. 180 000 ადამიანია, ვინც გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
 2016 წელს პარლამენტმა შეიმუშავა სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდა სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა „დემოგრაფიული ეროვნული საბჭო”, სადაც მუშავდება ინიციატივები. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ანგარიშის დროს გააკეთა განცხადება, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელსაც მიხედავს სახელმწიფო. ჩვენ ველით ახალ პროგრამას ხელისუფლებისგან, რომელზეც იმუშავებს, როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა და ყველა მიმართულებით შემუშავდება ინიციატივები.
გეტყვით, რომ დემოგრაფიული კატასტროფა 2050 წლისთვის აღარ იქნება, ამის თქმის საშუალებას ბოლო 12 წლის დინამიკა გვაძლევს. დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე ვართ, მაგრამ ამასაც აუცილებლად გავუმკლავდებით. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. რატომ ხდება, რომ ბოლო სტატისტიკის მიხედვით პირველი და მეორე შვილების რაოდენობაა შემცირებული: პირველი მიზეზია, რომ წყვილები ადვილად აღარ ქორწინდებიან და მეორე, თუკი დაქორწინდნენ, პირველ შვილს აყოვნებენ, ამიტომ იკლო პირველი და მეორე შვილების რაოდენობამ.
 რაც შეეხება მიგრაციას – ის გრძელდება, თუმცა ველოდით 3- ჯერ მეტ მაჩვენებელს, ევროპული ქვეყნების ანგარიშიდან გამომდინარე, რომლებმაც ჯერ მიიღეს ვიზალიბერალიზაცია და შემდეგ გახდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. როდესაც საზღვრები გახსნილია, მოსახლეობა მარტივად მოძრაობს. მთავარია მიგრაცია არ იყოს ჩაკეტილი და არალეგალური მიგრაცია გადავიდეს ლეგალურ მიგრაციაში – ეს ქვეყანას არ ვნებს.”- აღნიშნა ჩიბურდანიძემ.