“ეუთოს დოკუმენტში არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და იგი არავის გაუპროტესტებია” – ბოჭორიშვილი

“ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და, საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას განუცხადა.

„წარმოიდგინეთ, მაგალითად, ეუთოს რამდენ ქვეყანაშია წელს არჩევნები? – ძალიან ბევრში. რატომ უნდა ეწეროს დასკვნით დოკუმენტში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შესახებ, რომელიც 4 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, უკვე შეფასებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ხელს ვერ მოვაწერდით. ეს არის პრინციპული საკითხი. შესაძლოა, ერთი მხრივ, დოკუმენტში ეთანხმებოდეს ყველაფერს, მაგრამ იყოს პრინციპული საკითხი, რასაც არ ეთანხმები, რამაც რა თქმა უნდა, გადაწონოს. ასეთი იყო, მაგალითად, ყბადაღებული რეზოლუცია 2008 წელს, რომელსაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, ვითომ და რაღაცის გამო, თუმცა ამით უფრო მეტად დააზიანა საქართველოს ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები