„თითოეული მშრომელის ხმა, დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა ხდება” – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ესთერ ლინჩმა განაცხადეს.

ევროპის პროფკავშირების პირველი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა.

ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც საერთაშორისო პროფკავშირულ ოჯახში   პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას რვა წლის განმავლობაში იკავებდა, განმარტა, რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველი დასაქმებულებისთვის.

“მინდა, არა მხოლოდ პროფკავშირების წევრებს, არამედ მთელს ჩვენს ქვეყანას მივულოცო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ეს, ფაქტობრივად, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს აერთიანებს. ამ საერთო ოჯახში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თითოეული მშრომელის ხმა, დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა ხდება, რომელსაც ევროკავშირის ყველა სტრუქტურასთან ძალიან მჭიდრო და გავლენიანი ურთიერთობები აქვს. აღსანიშნავია საუკეთესო გამოცდილებები, გზა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მშრომელებმა გაიარეს. ამ გამოცდილებების გაზიარება, დანერგვა საქართველოში მოხდება . საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ადვოკატირებას ეწეოდა შემდეგ საკითხებზე: მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, სოციალური დიალოგი , შრომის უსაფრთხოება, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე ამ დიდი, ძლიერი ოჯახის გამოწვევა და პრიორიტეტები ხდება. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ესთერ ლინჩი, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოში ჩამობრძანდა, საინტერესო შეხვედრები ჰქონდა.

მნიშვნელოვანია თემები, რაც ჩამოვთვალე. ამ თემებს მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ლობირებდა. იცით, ევროკავშირის 9 -პუნქტიანი რეკომენდაციები. იმ 9 პუნქტში 3 ჩვენი მიმართულებაა, ესაა სოციალური დიალოგის გაძლიერება, უმუშევრობის შემწეობა, მინიმალური ხელფასი. საქართველოს პროფკავშირებმა იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო, მოახერხა, შრომის კოდექსში ცვლილებები შესულიყო, შრომის ინსპექცია აღდგენილიყო და ა.შ. გარკვეული მიღწევები აქვს. ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად ამ საკითხებს მეტი ყურადღება დაეთმობა. დღევანდელი შეხვედრა მინისტრთან (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან) სწორედ ამის დასტური იყო და უახლოეს პერიოდში ნახავთ თემებს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება ექნება. ასევე სასამართლოებთან დაკავშირებით ძალიან კარგი გამოცდილებების გაზიარება გვექნება, როგორიცაა ირლანდიის, სლოვენიის მაგალითები, რათა საქართველოს მოსახლეობას შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოებში დგომა წლობით არ მოუწიოს. ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მაინც მინიმალური ხელფასია და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ,”- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ესთერ ლინჩის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია, ქართველი მშრომელები წარმოდგენილები იყვნენ იმ მაგიდის ირგვლივ, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მშრომელების ხმა ყველგან, იმ დარბაზებში, იმ ოთახებში ისმოდეს,სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება, რაც ქართველ მშრომელებზე, ქართველ დასაქმებულებზე გავლენას იქონიებს. ევროკავშირის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის პროფკავშირების კონფედერაცია მიჩნეულია სწორედ იმ მთავარ ორგანიზაციად, სადაც მშრომელების ხმა ყველა მათთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში უნდა გაისმას. ეს შეეხება ყველა საკითხს, მათ შორის, გენდერული უთანასწორობის საკითხს, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების საკითხს, მინიმალური ხელფასის საკითხს. ანუ, ყველა საკითხი, რომელიც შრომით ურთიერთობებს შეეხება, ამ ორგანიზაციაში წყდება. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქართველი მშრომელები იყვნენ წარმოდგენილები იმ მაგიდის ირგვლივ, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მშრომელებს შორის სოლიდარობაა, მაშინ ხდება სწორედ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ ხვედრს გააუმჯობესებს. რა უპირატესობა აქვს ევროპის პროფკავშირებში წევრობას? ეს დასაქმებულებისთვის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

ამ ვიზიტის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო, რომ საქართველოს პროფკავშირებისგან ადგილზე გამეგო, თუ რამდენად შესაბამისობაშია მათი საქმიანობა იმ როლთან, რომელიც ევროპის კავშირში , ევროპის ქვეყნებშია განსაზღვრული , ასევე ის, რომ გარკვეულწილად, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე , რათა მან ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც მშრომელთა უფლებების აღსრულებას უზრუნველყოფს, ეს განსაკუთრებით ხელფასს და პირობებს შეეხება.

მე შევხვდი შრომის მინისტრს, ვისაუბრეთ თემაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მშრომელების მდგომარეობა. მივედით იმ დასკვნამდე და სწორედ ეს იყო მინისტრის მხრიდან გზავნილი, რომ მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის ევროკავშირის ხელშეკრულების ძალით, მხოლოდ სოციალური დიალოგის გზითაა შესაძლებელი. მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ გარემოებას , რომ ამ პროცესში ევროპის პროფკავშირების გაერთიანება შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა იყოს, რადგან ამის დიდი გამოცდილება გააჩნია. ასევე მნიშვნელოვანია, ყველანი შევჯერდეთ იმაზე, რომ აუცილებელია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ყოველმხრივ დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ იმისთვის, რომ ამ დიალოგის გზით იმ შედეგებს მივაღწიოთ, რომელიც ყველასთვის სასურველია. ბატონი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პროფესიით იურისტია, მეც იურისტი ვარ, საკმაოდ საინტერესო მსჯელობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ძალიან ხანგრძლივი, ამასთანავე საკმაოდ ძვირადღირებული სასამართლო პროცესების გვერდის ავლით მიღწეული იქნას ის შედეგები, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება” – განაცხადა ესთერ ლინჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები