ნინო ენუქიძე: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ექვსი თვის გეგმა 133%-ით შესრულდა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 100.3%-ით შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის ინფორმაციით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37,000,000 ლარის ნაცვლად, 37,102,291 ლარი გადარიცხა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში 506 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააგენტო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პრაქტიკულად შესთავაზებს. „ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,” – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამში 142 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება შეძლო, ხოლო ექვსი თვის პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული 73 მლნ-ს ნაცვლად, სააგენტომ 97 მლნ ლარზე მეტი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რითიც 6 თვის გეგმა 133%-ით შესრულდა.