ხელოვნების სასახლეში იული სტრაუმეს 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ლატვიელი საზოგადო მოღვაწის, ხელოვნების სასახლის ფოლკლორული და გამოყენებითი ხელოვნების კოლექციების შემქმნელის, იული სტრაუმეს, 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნესმა, ანსამბლ „დიდგორის“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერის თანხლებით, იული სტრაუმეს ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.
ბიუსტი, რომელიც მუზეუმის სკვერში, იული სტრაუმეს კორპუსის წინ, განთავსდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის დაფინანსებით შეიქმნა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე კახა არუნაშვილი.
ღონისძიებას, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, ესწრებოდნენ: ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოში ლატვიის საელჩოსა და გულბენის ისტორიისა და ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ასევე, იული სტრაუმეს პატივსაცემად კორპუსს, რომელიც 2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ შეიძინა სტრაუმეს მიერ შექმნილი კოლექციების დასაცავად, იული სტრაუმეს სახელი ეწოდა და ოფიციალურად იწოდება ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის იული სტრაუმეს სახელობის მეორე კორპუსად.
ღონისძიების ფარგლებში სასახლის ისტორიულ ნაწილში გამოიფინა სტრაუმეს მოღვაწეობასთან დაკავშირებული კოლექცია. ასევე გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სამენოვანი (ქართული, ინგლისური, ლატვიური) კატალოგის – „იული სტრაუმეს“ – პრეზენტაცია, რომლის ტექსტიც ხელოვნების სასახლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა იზოლდა მელიქიშვილმა, შეადგინა. მაღალპოლიგრაფიული კატალოგი გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“.
გამოფენა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ლატვიის საელჩოს, გულბენის ისტორიისა და ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმის, საქართველოს აზიის სამეფო საზოგადოების მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სასახლის, ლატვიის გულბენის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმისა და დრუვიენის ძველი სკოლა-მუზეუმის ექსპონატები, რომლებიც გამოფენისთვის საგანგებოდ ჩამოიტანეს ლატვიის მუზეუმის თანამშრომლებმა. მათ ხილვას დამთვალიერებელი 19 ივლისამდე შეძლებს. 20 ივლისიდან კი ქ. გულბენის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმისა და დრუვიენის ძველი სკოლა-მუზეუმის ექსპონატები მოიხსნება და გამოიფინება ხელოვნების სასახლეში დაცული სტრაუმეს შემოქმედებასთან დაკავშირებული კოლექციები, რომლის მონახულებაც დამთვალიერებელს 2 სექტემბრამდე შეეძლება.
იული სტრაუმე ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციების შემქმნელია. 1907-1922 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში და ქართული კულტურის, გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეს აქტიურად ემსახურებოდა.
იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოს თანამშრომელი.