თემო მაჭავარიანის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

5 ივლისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  თემო მაჭავარიანის მასშტაბური გამოფენა გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
თემო მაჭავარიანი 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაშინ უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილს, თუკი არსებობს აბსოლუტური სმენა, თემოს აბსოლუტური ხედვა აქვსო. ერთი წლის შემდეგ ის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე გადავიდა ფარნა ლაპიაშვილის სახელოსნოში. აკადემიაშივე დაამთავრა ასპირანტურა უჩა ჯაფარიძის კლასში.
70-იანი წლებიდან იწყება მხატვრის შემოქმედებითი გზა. მასზე ამბობდნენ, ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად მხატვარიაო. ბუნებით თავმდაბალი თავისუფალ შემოქმედად ჩამოყალიბდა. ფერწერისა თუ გრაფიკის ენის სიღრმით გამზიარებელი კომპრომისს გამორიცხავდა. თემო მაჭავარიანის გრაფიკული თუ ფერწერული მემკვიდრეობა მხატვრის მშობლიური ძველი ქალაქის პეიზაჟები და ახლობლების პორტრეტებია.
 კარგი ნახატის შესაქმნელად გულწრფელობაა უპირველესიო – ასე სწამდა და ასე მოძღვრავდა თაობებს. თავადაც ასე ქმნიდა განსაკუთრებული ბუნებრიობით აღბეჭდილ ბრწყინვალე ფერწერასა თუ გრაფიკას.
თემო მაჭავარიანმა – მხატვარმა და პედაგოგმა, უდიდესი კვალი დატოვა ქართულ მხატვრობასა და საზოგადოებაში.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს, 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პროექტის – „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” – ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი ხელოვანების, მათ შორის – თემო მაჭავარიანის ნამუშევრები.
გამოფენა  1 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები