ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ჩაჩუა პატიმრობაში რჩება
ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ჩუჩუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნინო სანდოძემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ჩაჩუამ შეიძლება საქმის გამოძიებას ხელი შეუშალოს.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას, გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა.