„საქართველოს მთავრობა მზად არის, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტად აქციოს“

  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის პრიორიტეტად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, ადამიანის უფლებების დაცვას ასახელებს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. ამასთანავე, იუსტიციის მინისტრმა დოკუმენტის შექმნაში მონაწილე უწყებათშორის საბჭოს, პრემიერ-მინისტრს, თამარ ჩუგოშვილს, გოჩა ლორთქიფანიძეს და თომას ჰამარბერგს, მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას იბრძოდა. 10 წელი ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ იმ საქმეებზე ვწერდი განაჩენებს, რომლებიც საქართველოდან შემოდიოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს ეხებოდა. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატები არიან ყოფილი ადვოკატები, რომლებიც სტრასბურგში ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე სამაგალითო საქმეებს და იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენს მთავრობაში არის ყოფილი ომბუდსმენი, რითაც ყველაფერია ნათქვამი”, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციებით ხელმძღვანელობენ. “ეს არის პირველ რიგში სიცოცხლის უფლება, რომელიც აბსოლუტური არ არის და ხანდახან ირღვევა, მაგრამ მსხვერპლს უჩნდება მეორე უფლება, რომ დანაშაული გამოიძიონ და დამნაშავე ადეკვატურად დაისაჯოს. წარსულში ბევრი მაგალითი გვაქვს, როგორ ირღვეოდა ციხეებში ადამიანის უფლებები და ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაც. დღეს ჩვენი მთავრობის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თუ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა სტრასბურგში იყო პატიმრების საჩივრების განხილვა, დღეს არც ერთი ასეთი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში აღარ შესულა”, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები