ინდოეთმა კოსმოსის ათვისებაში აშშ-ს და რუსეთს ორი რეკორდი მოუხსნა
ინდოეთმა კოსმოსის ათვისებაში ერთბაშად ორი რეკორდის დამყარება შეძლო. გასული წლის ნოემბერში გაშვებულმა თანამგზავრმა „Mangalyaan“-მა დღეს მარსის ორბიტაზე გასვლა შეძლო. საინტერესოა, რომ ინდოეთმა ეს პირველივე ცდაზე მოახერხა, განსხვავებით აშშ-ს, რუსეთის და ევროპული ქვეყნებისა, რომლებსაც მრავალი ცდა დასჭირდათ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ინდოეთმა განვითარებულ კოსმოსურ ქვეყნებს მეორე რეკორდიც მოუხსნა, ინდოეთის განხორციელებული მისია ყველაზე იაფი გამოდგა: ქვეყანამ ამ მისიის შესრულებაში მხოლოდ 72 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
„თითქმის შეუძლებელი განვახორციელეთ, ჩვენ ისტორია შევქმენით“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ბანგალორში ფრენის მართვის ცენტრში.
ამერიკულმა სააგენტო NASA-მ ინდურ აეროკოსმოსურ სააგენტო ISRO-ს უკვე მიულოცა წარმატებული პროექტის განხორციელება.
„Mangalyaan“-ის ძირითადი მიზანი NASA-ს დახმარებით ღრმა კოსმოსში ინდური კავშირის და ნავიგაციების ტექნოლოგიის ტესტირება გახლავთ. გარდა ამისა, თანამგზავრი ატმოსფეროს და მარსის ზედაპირს შეისწავლის.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარსის მისიის განხორციელება გაცილებით ძვირი სიამოვნებაა სხვა სახელწმიფოებისთვის. მაგალითად, როცა 22 სექტემბერს წითელ პლანეტის ორბიტას ამერიკულმა აპარატმა Maven-მა მიაღწია, ამ მისიის ბიუჯეტი – 671 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
2003 წელს ანალოგიური მისიისათვის ევროპის კოსმოსურ სააგენტოს 386 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდა. 2011 წლის ნოემბერში რუსულმა მხარემ იგივე მისიაზე 117 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა და ამასთან ვერ შეძლო დედამიწის ორბიტიდან გაღწევა.
ინდოეთის კოსმოსურ პროგრამას თავიდანვე მცირე ბიუჯეტი ჰქონდა. თვდაპირველად ინდოელი სპეციალისტები სულაც სასტარტო მოედნის მახლობლად არსებულ მიტოვებულ ტაძარში მუშაობდნენ. ამჟამად ინდოეთი კოსმოსური მიზნებისათვის წელიწადში 1,2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. შედარებისათვის NASA-ს ამჟამინდელი წლიური ბიუჯეტი 17,6 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო რუსეთის კოსმოსური სააგენტოსი – დაახლ. 4,96 მილარდი აშშ დოლარი.
როგორც გაირკვა, იაფი ტექნოლოგიების გარდა ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს დაბალ ხარჯებს თანამშრომელთა ანაზღაურებაც განაპირობებს. უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომლების ანაზღაურება თვეში საშუალოდ მხოლოდ 1644 აშშ დოლარია.