გაერო: გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს
გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, – ამის შესახებ ანგარიში გაეროს კომისიამ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისა და ღაზის სექტორში კონფლიქტის პირველი რამდენიმე თვის გამოძიების შემდეგ გამოაქვეყნა.
გამოძიების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევები კონფლიქტის ორივე მხარის პასუხისმგებლობაა.
კომისიის ინფორმაციით, თავდასხმის დღეს, 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მხრიდან ომის დანაშაულები მოიცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ თავდასხმებს, მკვლელობას ან განზრახ მკვლელობას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფას და მძევლების აყვანას, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ.
ამასთან, კომისიამ დაადგინა, რომ კონფლიქტის პირველ 2.5 თვეში ისრაელმა ჩაიდინა როგორც ომის დანაშაულები, ასევე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ – ეს უკანასკნელი განისაზღვრა ფართომასშტაბიანი, სისტემური თავდასხმით, რომელიც მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამავდროულად, ისრაელმა ღაზაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, როგორიცაა, შიმშილის ომის იარაღად გამოყენება.
ინფორმაციისთვის, კომისიის ანგარიში ჯარიმებს არ ითვალისწინებს, თუმცა ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის მოქმედებების სამართლებრივ ანალიზს წარმოადგენს, რომელიც, შესაძლოა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განიხილოს.