კოლმა – ამერიკული ქალაქი-სასაფლაო, რომელიც გარდაცვლილთა ხარჯზე ცხოვრობს

წარმოგიდგენიათ, რომ არსებობს ქალაქი, რომელიც გარდაცვლილების ხარჯზე სულდგმულობს? კოლმა სან-ფრანცისკოსთან მდებარეობს. ქალაქის შემოსავალი მთლიანად იმ ტურისტებზეა დამოკიდებული, რომლებიც აქ სხვადასხვა შტატიდან ამ ადგილის დასათვალიერებლად მოდიან. ქალაქი, ფაქტობრივად, ერთი დიდი სასაფლაო და მის უნიკალურობასაც სწორედ ეს განსაზღვრავს. კოლმას მოსახლეობა, ძირითადად, სასაფლაოების მომსახურებით არის დაკავებული.

უზარმაზარ სან-ფრანცისკოში სასაფლაოს პოვნა ძნელია. ასეთი ადგილი მეგაპოლისში მხოლოდ ორია. ერთ-ერთი მათგანი სამხედრო ვეტერანებისაა, ხოლო მეორე – ქრისტიანულ მისიის. სან-ფრანცისკოს მოსახლეობას გარდაცვლილები დასაკრძალად სწორედ კოლმაში მიჰყავთ. სარიტუალო მანქანების ნაკადი ქალაქის მიმართული არასდროს მთავრდება, მაგრამ ადგილობრივებს ეს სულაც არ აწუხებთ.

კოლმაში არ არის მიღებული სიტყვა „სასაფლაოს“ ხმარება – ადგილობრივები მათ პარკებს უწოდებენ. იქ სეირნობენ ბავშვებთან ერთად, აწყობენ პიკნიკებს და შეყვარებულებსაც კი ხვდებიან. ამ პარკებში ყოველთვის სისუფთავე და სილამაზეა. მხოლოდ საფლავის ქვები და ქანდაკებები გვახსენებს, რომ ეს სინამდვილეში სასაფლაოა.

როგორ გაჩნდა ქალაქი-სასაფლაო

მე-20 საუკუნის დასაწყისში სან-ფრანცისკო ძალიან გაფართოვდა. ქალაქში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, აჩენდნენ შვილებს, ბერდებოდნენ და ბუნებრივია, იღუპებოდნენ კიდეც. ქალაქგეგმარებით, თითქმის, არავინ იყო დაკავებული და საცხოვრებელი სახლები პირდაპირ საფლავებთან იდგა. ეს მხოლოდ არასასიამოვნო კი არა, საშიშიც გახლდათ, ვინაიდან ქალაქში მუდმივად ეპიდემიის საშიშროება იყო.

ამიტომაც, 1912 წელს სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ ექიმების, საზოგადო მოღვაწეების და ძვირადღირებული უძრავი ქონების მფლობელების წნეხის გამო, ქალაქში დაკრძალვაზე შეზღუდვა შემოიღო. გარდა ამისა, გადაწყვიტეს, არსებული საფლავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადაეტანათ. ასე გაჩნდა ქალაქი კოლმა – სპეციალური სასაფლაო, საკუთარი ინფრასტრუქტურით.

საფნ-ფრანცისკოდან კოლმაში საფლავები, დაახლოებით, 20 წლის მანძილზე გადაჰქონდათ. ახალ ადგილას გადაიყვანეს, დაახლოებით, 150 ათასი გარდაცვლილი. თითო საფლავის გადატანა იმ დროს 10 დოლარი ჯდებოდა, რაც დღევანდელ ფულზე 250 დოლარია. იყვნენ დასაფლავებულები, რომელთა გადატანისთვის ფულს არავინ იხდიდა. ისინი ძმათა საფლავებში მოათავსეს, ხოლო საფლავის ქვები ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენეს.

დღეს კოლმას მოსახლეობა 1 800 ადამიანს შეადგენს. მათგან უმრავლესობა აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს ქალაქის ფართობი 4.9 კვადრატული კილომეტრია, რომლის 70 %-ს საფლავები იკავებს. 2024 წელს, დაახლოებით, 1.5 მილიონი საფლავი დათვალეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კოლმას ერთ ცოცხალ ადამიანზე, დაახლოებით, 1000 გარდაცვლილი მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები