“თავისუფალი ზონის” ოფისთან დაკავებული 2 პირი დაჯარიმდა, 5 მათგანს კი გაფრთხილება მიეცა
საქალაქო სასამართლოში “თავისუფალი ზონის” ოფისთან გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ორგანიზაცია “თავისუფალ თაობის” რვა პირის პროცესი დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ორ მათგანს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. ერთი დაკავებულის პროცესი 8 ოქტომბრისთვის გადაიდო მოტივით, რომ საქმეზე გარკვეული ვიდეომასალის მტკიცებულებად წარდგენა გახდა საჭირო. დაჯარიმებულებს შორის არის ლადო სადღობელაშვილი. მას 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე დააჯარიმდა ზურაბ გულორდავა – 250 ლარით.
პროცესის დასრულების შემდეგ ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ შეხლა-შემოხლას გუშინდელი აქციის დროს, მართლაც, ჰქონდა ადგილი და ამას ადასტურებს, თუმცა მისი შეფასებით, განსაზღვრული ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან მოსამართლის მიერ დაკისრებული ჯარიმის თანხა სტუდენტებისთვის რთული გადასახდელია. ზურაბ გულორდავას განცხადებით კი, გუშინ გამართული აქციის მიზანი რეჟიმის გამგრძელებლების ლიკვიდაციის მოთხოვნა იყო. მისი თქმით, “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები მოთხოვნას ძალაში ტოვებენ.