გია ვოლსკი: არავითარი ჟივილ-ხივილი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში
არავითარი ჟივილ-ხივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში – ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში კონსერვატიულად მიდგომებმა გაიმარჯვა.
“მთლიანად ევროპარლამენტის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი. აქ საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით, საფრანგეთი და გერმანია მინდა მოვიყვანო მაგალითად, სწორედაც ამ კონსერვატიულად მიდგომებმა, ხედვამ გაიმარჯვა. ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. არავითარი ჟივილ-ხივილი ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ფსევდოლიბერალური ფრთა საკმაო სერიოზულ პრობლემებს განიცდის მთელ რიგ ქვეყნებში,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.