კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ეთნოსპორტის საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი ჩატარდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და ასოციაციის „წინაპარი” ორგანიზებით კახეთში, ლევან მეფის ისტორიული ციხე-სიმაგრის გალავნის ტერიტორიაზე, ეთნოსპორტის საბრძოლო ხელოვნების პირველი ფესტივალი – „ეთნოჯორჯია 2024″ – ჩატარდა.
ეთნოსპორტის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეულ და უნიკალურ კულტურას წარმოაჩენს. საქართველოსთან ერთად წელს ფესტივალში მონაწილეობდა ევროპისა და აზიის ექვსი ქვეყანა – ნორვეგია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, იაპონია და თურქეთი.
ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართეს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში ირაკლი კაკალაძემ, ასოციაციის „წინაპარი” დამფუძნებელმა გიორგი შიუკაშვილმა da ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი).
გახსნის ცერემონიაზე თამარ ივერმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
ლევან მეფის ციხესიმაგრის ეზოში მონაწილე ქვეყნების ისტორიისა და საბრძოლო ხელოვნების პრეზენტაცია მოეწყო. ასევე, გაიმართა ქართული იარაღის, სამზარეულოსა და ღვინის პრეზენტაცია. ჩატარდა ქართული ჭიდაობისა და ხრიდოლის საჩვენებელი ორთაბრძოლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა იარაღის მუზეუმი, რომელმაც ქართული იარაღები წარუდგინა დამთვალიერებელს.
საღამოს მთარგმნელი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე უძღვებოდა. გახსნის ცერემონია დასრულდა გალაკონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანსამბლი „რუსთავი”, „სუხიშვილების აკადემია”, თამარ გვერდწითელი, თამარ ივერი, ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ანსამბლი „იბერია”, ანსამბლი „შილდა” და ოთო ბაზერაშვილი.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.