თეა წულუკიანი: დღევანდელი სანქციების მიზანია, შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და ხალხი დარჩება საფრთხეებთან პირისპირ, ფარის გარეშე

ჩვენ ვართ მიუღებლები, ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ აშშ-ის მხრიდან დღეს გამოცხადებული სანქციების მიზნებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ბევრი თვეა მიმდინარეობს მთავარი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა და ეს მიზანი ხელისუფლებისა და ერის დაშორებაა.

„თითქოს, ჩვენ ვართ ფენომენები, რომლებსაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი ვიცით, ვართ მიუღებლები. ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს. ეს ხელისუფლება არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვინც გვისმენს, იმან კარგად იცის, რატომ არის სამარცხვინო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან აშშ-ის მიერ დღეს გამოცხადებული სანქციების მიზნებზეც ისაუბრა.

„ჩემი აზრით, დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ის უმცირესობა, რომელიც არის ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების ფართო მასების აზრი. როდესაც ეს მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება? ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობთ და დღემდე წარმატებასაც ვაღწევთ, რადგან საფრთხე არ რეალიზდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ათობით საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, რომლის პირველი პაკეტი „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები