დავით ბაქრაძე: გაეროში, დღევანდელი განხილვების დროს, არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ დევნილი მოსახლეობის მიმართ საქართველოს პოლიტიკა სამაგალითოა – მომდევნო წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ 

მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და დღევანდელი განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაეროში საქართველოს რეზოლუციაზე მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა წარმატებული პოლიტიკის სიგნალია.

„დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციას. ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე წარადგენს საქართველო. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება. მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, პრიორიტეტი და ეს კენჭისყრა არის დასტური იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და ეს დღეს განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. ამ თვალსაზრისით მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა არის სწორედ წარმატებული პოლიტიკის სიგნალი. თუმცა, ზრდა სამი ახალი მხარდაჭერით არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას, რომელიც წელს ჩატარებულ კენჭისყრას ჰქონდა, რადგანაც ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერები. ეს არის სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას და ასევე სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა უკვე მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც წინააღმდეგ აძლევენ ხმას და ის კვლავ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება. ასევე შემცირებულია თავშეკავებათა რიცხვი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოები უფრო მეტად ხედავენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობას. ჩვენ მომავალ წლებში ასევე უნდა მოველოდეთ კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები