რატი იონათამიშვილი – ესტონეთის პარლამენტში მომზადებულ პროექტზე: როდესაც დემოკრატიაზე დაიწყებენ საუბარს, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაგმონ

როდესაც დემოკრატიაზე დაიწყებენ საუბარს, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაგმონ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ესტონეთის პარლამენტში საქართველოში დემოკრატიის შესახებ მომზადებულ პროექტს გამოეხმაურა.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს.

„როდესაც დემოკრატიაზე დაიწყებენ საუბარს, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაგმონ, ვინც ყველაფერს აკეთებდა, იმისთვის რომ ძირი გამოეთხარა ქართლი დემოკრატიისთვის. არავის აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის საშინაო პროცესებში ჩაერიოს.ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ჩარევები ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან და შედეგებს ვერ აღწევენ. თუ დასკვნები ვერ გამოიტანეს, მით უარესი. ფაქტია, რომ საქართველოში, პირიქით, დემოკრატიული პროცესები სულ უფრო მეტად მტკიცდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან ცდილობს ამას ხელი შეუშალოს. ისიც ხელმოცარულია ამ მიმართულებით. ჩვენ კი ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე, კეთილსინდისიერად ვასრულებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის“ სახელწოდებით განცხადების პროექტი მოამზადა. დოკუმენტში 44 დეპუტატი საქართველოში უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებას გმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიული კრიზისის მოგვარებამდე ესტონეთმა უნდა დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი. პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უნდა გაიყინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები