„სისათუთე,- სიმარტივით გაღმერთებული სიმარტივე“, ანუ იქნებ, სიგიჟეა ყველაფერი?

მისი აზრით, პირველი წიგნი შეყვარებულივითაა, – “საკუთარი განცდებისა და ვიწროდ შემოღობილი მოხატულობაა, თვლის, რომ წერის დროს საკუთარ სისავსეს უნდა აღემატო და ფრთები შეისხა, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვაგავიცნოთ პოეტისა და მწერლის, ლაშა გვასალიას საინტერესო პიროვნულ მოსაზრებებს.

 

 – ბატონო ლაშა, ამბობენ, მწერლობა უკვე დაწერილისგან განსხვავებულად წერის ნიჭიაო

– საინტერესო მითითებაა… უკვე დაწერილის განმეორება სიბეცე იქნებოდა. ახლის თქმა და შექმნაა ნიჭიერება, მასთან საინტერესოც. ისე მწერლობა, როგორც მრავალგზის აღუნიშნავთ: ჩვენი ამბებისა და სხვათა მონათხრობის, ასევე, სხვათა ამბებისა და ჩვენი მონაყოლის მხატვრულად გადმოცემის ოსტატობაა! რაც შემეხება მე, უბრალოდ არ შემიძლია, წერის გარეშე, რომელიც თვითგამოხატვის უგენიალურესი საშუალებაა, რომელიც იმის საუკეთესო გზაა, რომ  ყოველივე რაც მოგითვალმზერებია და გონებაში ანაბეჭდებად აგსახვია, ქაღალდზე გადაიტანო და მკითხველს სიტყვით, მზეობით გული გაუთბო. ასევე ბევრ რამეზე ჩააფიქრო. ამისთვის კი ათასჯერ ნანახი და აღქმული  მუდმივად ხელახლა უნდა აღმოაჩინო და ახალი ფერადობით მიუნაგრო ყოფიერ სივრცეს.. ამავდროულად, ზედროულ სინამდვილეში უნდა ცხოვრობდე, რაც თავისთავში – წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფელ მთლიანობას ნიშნავს!

პირველი წიგნი საკუთარ თავზე იწერება, თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე?

– ამ საკითხს ახლა ჩავუფიქრდი… შეიძლება, ასეცაა, პირველი წიგნი პირველი შეყვარებულივითაა, საკუთარი განცდებისა და ვიწროდ შემოღობილი მოხატულობაა… ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ლექსების პირველი კრებული -“გზა” ,,კერენსკის დროს” გამოვეცი. რაც ამ წიგნში მხიბლავს, ეს გახლავთ თამამი კატეგორიულობა, პოეტური რეალიზების მარტივი, მაგრამ ბოლომდე ჩემეული საზომი და რიტმული მოდულაციები, ემოციური უსასრულობები, მიუბრუნებელი ხალასი სტრიქონები და სამშვინველამდე დაყვანილი სიმარტივე. მხატვრული სრულყოფილების თვალსაზრისით წლებმა, გამოცდილებამ, ცოდნამ სხვა სიღრმე შესძინა მერმინდელ ნაწერებს და ამავე  დროს ძირფესვიანად შეცვალა მოძველებული ესთეტიკური იდეალიც. საგულისხმოა, ანრი მისოს ნათქვამი: “პოეზია აქ ბუნების საჩუქარია, მოწყალება და არა ჯაფა, ლექსის გაკეთების სურვილიც კი საკმარისია, რომ პოეზია ჩაკლას!” ლექსის დაწერის საფუძველი შთაგონების ექსტაზი უნდა გახდეს, და თუ მკითხველმა სულის სარგო რამე იპოვა შენს შემოქმედებაში ,-ეს ხომ ბედნიერებაა!

რაზე წერს მწერალი და პოეტი ლაშა გვასალია?1801071_702539533110545_2076113341_n

– რა გითხრათ, ვწერ ყველაფერზე (ნამეტანია ხომ?), რაც ჩემს სულიერ მდგომარეობას შეესაბამება, მთავარია, ვიყო თავისუფლად, რამეთუ ყოველივე ღირებული და თვალმისანდო საუფლო მდგომარეობაში მიიღწევაა. დიდებულად აღუნიშნავთ: “ლიტერატურა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რაც კაცობრიობას საკუთარ რაობაში გასარკვევად შეუქმნია.”

წერისას ერთი “სამყაროდან” სხვა “სამყაროში გადავდივარ, ცნობიერების ნაკადად მიზვავდებიან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სივრცეში აღქმულ- განცდილი რამეები და ვწერ იმაზე, რაც შესაძლებელია, სხვებმაც იცოდეს, სხვებსაც ნანახი ჰქონდეს, მაგრამ მე ჩემებურად, საკუთარი ხმითა და ხელწერით ვცდილობ, რომ  მკითხველი განცდებითა და მიზანსწრაფვებით ამონათებულ ცისქვეშეთში ვამოგზაურო. ვქმნი წარმოსახვით სამყაროს, იქ, სადაც ოცნებებსა თუ ძილთაშორის მიცხოვრია და ისე მემშობლიურება, რომ ხშირად ურეალურესი მგონია… მთავარი თემა ქარგული სასიტყვეთისა მაინც – სიყვარული, სამშობლო და უსასრულობამდე დასული მშვენიერებაა!..

ყველა  ლექსი  ფაქტობრივად ავტორის ავტოპორტრეტია, ყველაზე კარგი ავტოპორტრეტი გაგვაცანით

– ამაში ნაწილობრივ დაგეთანხმებით. პოეზია თვალშეუწვდომი მწვერვალია. აყვავებული ტყემლის მშვენიერება, სადაც უთეთრეს ყვავილად ციმციმებს ნიჭიერება… საკუთარი სახვითობით ყოველთვის არ მიგიღებენ იქ, უნდა აღემატო შენს სისავსეს და ფრთებიც შეისხა…”ფრთები, ფრთები გინდა…” ედგარ პო წერდა:” საკუთარ თავში აღქმული სახეობა პროლოგია იმ სხეულისა, დიდ სასვენეთში რომ უნდა დაასახლოს კალმოსანმა, სიღრმეთა ჩაუღწევლობა ფერს უკარგავს სტრიქონის სამშვენისს და მას გახუნებული ხატოვნებით აღავსებს. ჩვენ სისათუთე გვჭირდება- ოდინდელი სიმარტივით გაღმერთებული სიმარტივე…” მგონი, გაგეცით პასუხი…

ამბობენ, რომ ხელოვანისთვის დიდი მნივნელობა აქვს მოგზაურობებს,  რაც მუდმივად  ავსებს მის ემპირიულ ცოდნას და შინაგან სამყაროს ამდიდრებს..

– ნამდვილად კარგია მოგზაურობა, შემეცნებითი არეალის გამდიდრება- გაფართოებისათვის. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი სრულდება, იწურება, ასეთ ჟამს აუცილებელია გონების “კვება”.  მხატვრულ- წარმოსახვითი სამყარო, თეორიული და პრაქტიკული ესთეტიზმი მუდმივად განახლებას მოითხოვს. კალმოსანისთვის წერა, ანუ თვითრეალიზება არსებობის აუცილებელი ფორმაა. როდესაც ეს ფორმა თავს ამოწურავს, მწერლის ფიზიკური არსებობა სრულდება. ჰემინგუეი, კიპლინგი, სკოტ ფიცჯერალდი და კიდევ არაერთი ხელოვანი ე.წ. სიბერწის სენმა შეიწირა. მოკლედ, დიდებულია მოგზაურობა. რაც შემეხება მე, კარგა ხანია, არსად ვყოფილვარ, თუ ბელორუსს არ ჩავთვლით… იქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, რასაც აუცილებლად ჩემს ნოველაში ავსახავ…

რჩევა, რომელიც ერთხელ მოგცეს და დღემდე სარგებლობთ..

– უნიკალური ბაბუა მყავდა, გუგუტა გვასალია, “ვეფხისტყაოსანი”  იცოდა ზეპირად, სხვა უამრავი რამეც, ხშირად იმეორებდა, შვილიშვილების გასაგონად, რუსთველის ფრაზას: “რაცა ვისცა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს!” დღემდე ვსარგებლობ ამ დარიგებით და ჩემს ნაგრამსაც ამ სიტყვებით მივებრძენები..

რა გზას გადის ადამინი პიროვნებადე?

1937937_702539506443881_256123627_n

– უდიდესი მწერალი უილიამ ფოლკნერი “ხმაურსა და მძვინვარებაში” წერს: “ადამიანი უბედურებათა ჯამია“, ვფიქრობ, ერთ დღეს უბედურება დაიქანცება, მაგრამ მაშინ დრო იქცევა უბედურებად… იბრძვის, წუხილობს, იწრთობა პიროვნებად საქცევად, ანუ გამართლებად უფლის ხატად მყოფობისა!..” მე მას ვეთანხმები…

საკუთარ თავსა და სუფთა ფურცელთან დარჩენილი როგორი ხართ?

– შემეცნებული ცხოვრება წიგნებთან და კალამ-ფურცელთან გავატარე. ეს ჩემი უმშობლიურესი სამყაროა, აქ ბედნიერიც ვარ და უბედურიც… ეს ავადობაცაა, მგონი, უკურნებელი ავადობა… ეგაა, ამ დროს სხვა სამზეოში ვარ, საკუთარ გონით სივრცეთში გამოკეტილი და ვცდილობ, არავინ შემაწუხოს, გამომაფხიზლოს და გამომიყვანოს ღვთაებრივი სამყოფლოდან… ჩემი საფიქრალი ბევრი რამეა, სადარდებელიც მრავალი, გზადაგზა სასიხარულოც და ველი გულის გამოძახილს, რომ მივენდო სიტყვის ნათელს და ჩემს წინ გაშლილი ფურცელი ავავსო… სიტყვას განსაკუთრებულად და ჩემებურად ვგრძნობ, მესმის მისი მაჯისცემა და თრთოლვა… ვერასდროს შეველევი ტრადიციას -ჩემი სულის ოქროს ფოლიანტს!..

 პოეზიაზე საუბრობთ და აქვე წაგვიკითხეთ საკუთარი ლექს, რომელიც ამწუთას გაგახსენდათ…

–  ახლა ჩემი ერთი “პოეტური მისია“  გამახსენდა და გაგაცნობთ..

-ეს წვალება, უფალო,

იქნებ საკმარისია

ჩემი,

თან ამიმაღლე

სევდის განწყობილება,

რომ მზეებში სხივების

პოეტურმა მხილებამ

განაქარვოს წუხილის

პროზაული პროფილი,

ფერთა გამის პალიტრით

ასე უარყოფილი…

რაც მუზისგან შობილა

ყოველივე მაოცებს,

გულო, შენ ვერ გიხილავ

სულის სასაფლაოზე…

მაინც ამოილექსე

სიყვარული ფრთამალი,

უსხეულო გრძნობათა

ჩუმი შთამომავალი…

ასე გვემა ყოვლისად

ვგონებ საკმარისია,

წერტილს აღარ იმეტებს

პოეტური მისია!..

პოეტი მებრძოლი უნდა იყოს, პროცესებში უნდა ჩაერთოს თუ მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო თემებსა და მარადიულ ფასეულობებზე წერდეს?

–  პოეტი უთუოდ მებრძოლი უნდა იყოს! ერთი ამბავი გამახსენდა, დადიანების სასახლის გალავანს შემოხვევია ვენახი, მწვანეა ვაზი, ფოთოლსავსე თვალმიმზიდი, მაგრამ მუდმივად უნაყოფო. კარის პოეტების ბედს მაგონებს ეს ვენახი, საცოდავები ძღებიან, სუქდებიან ძლიერთა ამა ქვეყნისათა კარზე, ლაქუცლექსობენ, ენას იფიმფლავენ, წერენ, თუმცა ღირებულს ვერაფერს ქმნიან. მიმიხვდებით, ალბათ, რისი თქმაც მინდა. სხვამხრივ შემომქმედი – თავისი ქვეყნის შვილია და აუცილებლად “მისი წყლული აჩნდეს წყლულად, ეწვოდეს მის ტანჯვით გული…”და მის შემოქმედებაში საჭიროებისამებრ ისახებოდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილის გულისგული, თავისი მრავალფეროვანი დანაშრევებით. კულტურა, როგორც ადამიანური შემოქმედების ნაყოფი რეალიზდება: მხატვრულ შემოქმედებაში, ანალიტიკაში, პოლიტიკასა და გამოყენებით სფეროებში. ამ შემთხვევისთვის სამაგალითოდ გოეთე გამოგვადგება, კანცლერი და გენიალური პოეტი. კალმოსანი უნდა წერდეს იმაზე, რაც სულს უფორიაქებს, მასთან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია და რომ არა, რაბლეს გენიალური წიგნი – “გარგანტუა და პანტაგრუელი”, კიდევ დიდხანს დარჩებოდა საფრანგეთის სახელმწიფო ენად ლათინური. ასეა, ღირსეული ნაწარმოები ხშირად ზოგადსახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც, მწერალი ვალდებულია, რომ იბრძოლოს იმისთვის, რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში…

რა შეკითხვას დაუსვამდით თქვენს ალტერ ეგოს?

– ერთ კითხვას დავუსვამ ჩემს ალტერ ეგოს: რა გიღრმავებს ამჟამად ფიქრებს? და ჩემი პასუხი ასეთი იქნება: ფიქრებს მიღრმავებს ადამიანური შესაძლებლობის სასწაული და კაცობრიობის მარადიული ანდერძი: მამობრივი საიდუმლოება! თუ ჩავუღრმავდებით, დამიჯერეთ, გაოცდებით, ეს ღვთივმაღალი გრძნობა და შესაძლებლობაა, რომლითაც რწმუნდები, რომ: “შეუცნობელ არიან გზანი განგებისანი“…

პოეტი მუდმივ შეუსაბამობაშია საკუთარ ეპოქასთან და წინააღმდეგობათა სართულის კვალ უპირისპირდება გამეფებულ რუტინულ ყოფას, ეს სიგიჟედაა მონათლული, ასეთია, საზოგადოება და რას ვიზამთ.. ბორხესი ბრძანებს:”უსხეულო ქარებისგან მონეტების ჭრაა ყოველივე!” – იქნებ ასეცაა და სიგიჟეა ეს ყველაფერი?…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები