პრემიერის ანგარიში: აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა

აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე.

„ამასთან, აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა ამერიკულ ბიზნესწრეებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ საზოგადოებასთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა. 2023 წლის 14 − 17 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატის დელეგაცია აღნიშნული შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპისა და პირველი ლედის, მარტი კემპის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი, ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. 2023 წლის 27 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელსაც თან ახლდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი, 2023 წლის 5-6 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე − ჯოშუა ჰაკი, 2024 წლის 17 იანვარს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ, 2024 წლის 14 მაისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრასიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი.

2024 წლის 14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ლუის ბონოსთან. იგი საქართველოს ასევე ეწვია ა.წ. 18 აპრილს. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტებს, 2023 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, მისი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიცირების მიზნით.

აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა: მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (აშშ-ის ბიუჯეტი − Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც, ზედიზედ მერვე წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული ($ 132 025 000). მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც მოცემული წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს; მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხებზე“, – აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები