შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფომ არაფერი დაიშურა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ანაკლიის პროექტში ფულით ჩაედოთ
,,საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უცხო ქვეყნების დღის წესრიგით მოქმედებს.
„ოპოზიციას საკუთარი ნება არ აქვს, ის მოქმედებს უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგითა და თავს მოხვეული ნებით. რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან წამოსულს, ზუსტად იმ განწყობაზე სხდებიან. ვნახეთ, რომ არაა ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია შეასრულებს სამუშაოებს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, რომ წაეხალისებინათ ამ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციების მონაწილეობა. შედეგი სახეზეა – იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერი და საბოლოო ჯამში ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც საბოლოო განაცხადი შემოიტანა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.