ირაკლი ნადარეიშვილი – საპენსიო დანაზოგზე: რისკები იმის, რომ მოხდეს არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიული განთავსება ამ აქტივების, არის ნულამდე დაყვანილი
,,რისკები იმის, რომ მოხდეს არაკეთილსინდისიერი, არასათანადო და არაპროფესიული განთავსება ამ აქტივების, არის ნულამდე დაყვანილი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საპენსიო დანაზოგთან დაკავშირებით ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საინვესტიციო რისკები არსებობს, მაგრამ ეს არის დაბალანსებული.
„იმ სამ პორტფელში [მაღალრისკიანი, ნაკლებრისკიანი, საშუალო რისკიანი], რომელიც შარშან შემოდგომიდან გაჩნდა, ჯერჯერობით დანაზოგების აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ 99% განთავსებულია ე.წ. კონსერვატიულ პორტფელში და ვისურვებდით უფრო მეტ აქტიურობას მოქალაქეების მხრიდან, რომ მიზანშეწონილობის შესაბამისად, გადაინაცვლონ სხვადასხვა პორტფელებში და ამასაც სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია. ახსნა საპენსიო სააგენტოს მიერ, მოხდეს ახსნა რას ნიშნავს თითოეული პორტფელის რისკიანობა, შესაძლებლობები ამონაგების თვალსაზრისით. რისკები იმის, რომ მოხდეს არაკეთილსინდისიერი, არასათანადო და არაპროფესიული განთავსება ამ აქტივების, არის ნულამდე დაყვანილი. თვითონ საინვესტიციო რისკები არსებობს, მაგრამ ეს არის დაბალანსებული“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.