“უახლოეს მომავალში არც ხორბალზე , არც ფქვილზე ფასის მკვეთრ ზრდას არ ველოდებით”- ლევან სილაგავა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, უახლოეს მომავალში ხორბალსა და ფქვილზე ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არაა. ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

სილაგავამ ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფორმაცია მოდის, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იზრდება. ამის ფონზე გარკვეული წუხილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება, საით წავა ტრენდი, საქართველოში რა იქნება და ა.შ. პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში არც ხორბალზე , არც ფქვილზე ფასის მკვეთრ ზრდას არ ველოდებით. ალბათ, მეპურეებიც გააკეთებენ განცხადებას. ავხსნი ფაქტორებს, თუ საიდან გამომდინარეობს ეს ანალიტიკა, რითაა მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა გამოწვეული: აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც ყოველთვიურ ანალიტიკას აცხადებს , ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოსთვის მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონი ტონით დააკლო, რაც საკმაოდ სერიოზული კლებაა , საუბარია მოსალოდნელ მოსავალზე. მსოფლიოში გარდამავალ მარაგებსაც დაკლებული აქვს, ასევე დაკლებულია საექსპორტო გასატანი რაოდენობის მხრივაც. ამ სამი ფაქტორის შეჯამების შედეგად ის თემა იკვეთება, რომ ფაქტობრივად, ბაზრის ტრენდი ფასის მატებისკენაა. თუმცა აქ ძალიან ფრთხილად მაინც ერთი დადებითი ფაქტორი შემოდის, რომელიც გამოწვეულია იმით , რომ ახლა მოდის ახალი მოსავალი, მათ შორის იმ რეგიონულ ჭრილში, რომელიც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელია. ვგულისხმობ ევროკავშირის, რუსეთის, უკრაინის ბაზრებს . აქ რამდენიმე კვირაში ახალი მოსავალი მოდის. ახალი მოსავლის ტენდენცია და მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას – აქვთ წინა წლიდან დაგროვილი გარკვეული გარდამავალი მარაგები. დაბინავებული მარაგები საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ბაზარზე ამ მარაგების გამოყრა ხდება იმისთვის, რომ უკვე ახალი მოსავლის მარაგები მიიღონ. ამ პერიოდში ფასს ყოველთვის წნეხად აწვება ძველი მარაგების გამოყრა და ახალი მოსავლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ექსპორტზე გადის. აქედან გამომდინარე, ეს დამაბალანსებელი ფაქტორია. რომ შევაჯამოთ: მოსალოდნელი მოსავალი ნაკლებია , თუმცა ახლა ხდება მარაგების ე.წ. გამოყრა , მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში, შემდეგ ყაზახეთში, ავსტრალიაში და ა.შ. მოსავლის მიღება მონაცვლეობითაა ხოლმე.
დღესდღეობით, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამწუთიერი მონაცემებით, ბაზარზე დიდი რყევები არ იქნება. ეს, რა თქმა უნდა, წინასწარი მონაცემებია. შესაძლებელია, ფასის რაღაც რყევები ვიხილოთ , მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ იქნება კრიტიკული რყევები იმისთვის, რომ გარკვეულწილად ფქვილის, პურის ფასს გადაედოს”, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით,  ახლა 1 ტომარა  ფქვილზე ფასი 47 ლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ დაბალი და ნორმალური ფასია. სილაგავამ იმ შედეგებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით,  ფქვილზე არსებულმა საიმპორტო გადასახადმა მოიტანა.

“იცით, რომ საქართველოში გამათანაბრებელი გადასახადი მუშაობს,რომელიც ფქვილის იმპორტის დროს  მოსაკრებელია. გადასახადი წინა წლის ივლისშია შემოსული და  მოქმედების ვადა სექტემბრამდე აქვს.  ჩვენი აზრით, საჭიროა, ეს გაგრძელდეს.

მინდა,  ეს ერთი წელი შევაჯამო, რომელიც ამ გადასახადის შემოღებიდან გავიდა.

ამ გადასახადმა  რა გააკეთა: გადასახადის შემოღებამდე, შარშანდელ ივლისამდე პრობლემა  გვქონდა  ის, რომ ფქვილის იმპორტი აგრესიულად ხდებოდა,  წისქვილკომბინატები გაჩერებული იყო, ფერმერებს საშუალება არ ჰქონდათ, თავიანთი მოსავალი ადგილობრივ წისქვილებში ჩაებარებინათ, ამ გადასახადმა, გარკვეულწილად,  ფქვილის იმპორტის გადასახადს და ხორბლის იმპორტის გადასახადს შორის სხვაობა   გაათანაბრა,  დააბალანსა,  კონკურენციის პირობები დააბრუნა. ამ გადასახადმა მოიტანა ის, რომ  პურის ფასი არ გაძვირებულა, ასე, თუ ისე  ხორბლის მოსავალი ჩაბარებული იყო, წისქვილკომბინატებმა იმუშავეს, გარდამავალი მარაგები არსებობს.

ამ მექანიზმით ქვეყანამ  კიდევ  ერთი ძალიან სერიოზული ეფექტი მიიღო. ამ გადასახადებით, რაც 1 ტონა ფქვილზე   250 ლარს გულისხმობს,  ასევე ქატოზეცაა  გადასახადი,      ბიუჯეტში დაახლოებით 30 მილიონი ლარია აკუმულირებული,  რაც ადრე არ იყო.  ჩვენ გვაქვს ე.წ. ყულაბა. შეგვიძლია, “პურის ფასის   სტაბილიზაციის ფონდი” დავარქვათ იმ შემთხვევაში , თუ  პურის ფასთან მიმართებაში გარკვეული რყევები იქნება. შეგვიძლია, ამ 30 მილიონით პურის შესაძლებელი გაძვირება დავაბალანსოთ.  ვიმეორებ, დღეს გაძვირების  არანაირი  წინაპირობა  არ არსებობს. დათვლილია, თვეში დაახლოებით 1 200 000 ლარი სჭირდება პურზე  10 -თეთრიან გაძვირებას,   იმ მოწყვლად ჯგუფებს რომ დაუკომპენსირდეს,  რომლებიც ამას საჭიროებენ.  30 მილიონი  2 -წლიან მუდმივ გაძვირებას აბალანსებს ,  რაც არასდროს მომხდარა. ახლა 1 ტომარა  ფქვილზე ფასი 47 ლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ დაბალი და ნორმალური ფასია” – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები