ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ შეძრა მსოფლიო ქართული კანონის მიღებამ, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები არავის აღელვებდა და ე.წ. პარტნიორების წუხილები მაშინ არ ისმოდა.
„მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელში ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას. ამას ვერ იტანენ და ვერ ეგუებიან, თორემ გამჭვირვალობის კანონი რა მოსატანია. რა წერია იმ კანონში ეგეთი, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია უნდა შეავსო? ეს არის უბედურება? ამ კანონის მიხედვით ლომჯარიამ და გიგაურმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაცია შეავსონ, ამან შეძრა სამყარო?
რატომღაც არ მახსოვს ჩვენი ევროპელი მეგობრები, როცა მე, პარლამენტის წევრი ქვეყნიდან გაქცეული ვიყავი, ჩემი შვილები უჩემოდ გაიზარდნენ, 150-ზე მეტი ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს, ტელევიზიები დახურეს, სასამართლო პროკურატურის დანამატი იყო, სატელევიზიო ანტენებს აყადაღებდნენ, სახლი დამიყადაღეს, იმიტომ, რომ 2012 წელს „ქართულ ოცნებაში” 20 000 საიდან შეიტანეო. არ მახსოვს მაშინ ვინმეს ხმა ამოეღო და ახლა რამ გადარიათ? დემოკრატიის შუქურააო და 300 000 პატიმარი ჰყავდა იმ კაცს [მიხეილ სააკაშვილს] საპატიმროებში. ემოციურად ვსაუბრობ, მაგრამ აბა როგორ შეიძლება ემოციის გარეშე უყურო ყველაფერს ამას და თან შეადარო, რა იყო მაშინ და რა არის ახლა. რამ გადარია ეს ხალხი, თან ყველა ერთ ხმაში როგორ ყვირის? საფრანგეთის პრეზიდენტმა მის ქვეყანაში მიიღო კანონი და მეორე დღეს გამოდის და ჩვენ გვეუბნება თქვენ ეს კანონი არ მიიღოთო, გასაკვირია,” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.