გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობოები კანონს თუ არ დაემორჩილებიან, იმ სანქციებს მიიღებენ, რაც ჯარიმების სახითაა განსაზღვრული
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია რომ ისინი „რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან”.
მაჭარაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან.
„აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ჯერ ეს გაგვაგებინონ. დაუმორჩილებლობას უცხადებ იმას, რასაც ემორჩილები. თავის პატრონებს თუ უცხადებენ დაუმორჩილებლობას, მომხრე ვიქნებით, რომ დაუმორჩილებლობა თავის პატრონებს გამოუცხადონ. კანონის შეუსრულებლობაზე თუ ამბობენ, რომ ეს დაუმორჩილებლობაა, ამას რა რეაგირება მოჰყვება ხოლმე, მგონი, ეს სახელმწიფომ ყველას დაანახა. კანონს თუ არ დაემორჩილებიან, იმ სანქციებს მიიღებენ, რაც ჯარიმების სახით არის განსაზღვრული. ჩვენ არც აქამდე გვემორჩილებოდნენ და დაუმორჩილებლობა როგორ გამოგვიცხადეს? – თუ კანონს არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან“, – განუცხადა “პირველ არხს” გურამ მაჭარაშვილმა.