ბელგიის პრემიერი: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16-ების გამოყენება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლიათ
ყველა იარაღი, რომელსაც ბელგია უკრაინას აწვდის, მათ შორის, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენონ, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბელგიის პრემიერის განმარტებით, შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის და 2028 წლამდე 30 F-16 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდებას.
„ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია ერთი რამ: თქვენ და უკრაინელი ხალხი იმსახურებთ სწორ ინსტრუმენტებს, რათა დაიცვათ თქვენი მოსახლეობა სრულიად უკანონო აგრესიისგან. თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენი მოვალეობაა, დაგეხმაროთ გამარჯვებაში. ჩვენი მხარდაჭერა რჩება მტკიცე და ურყევი, ამ ომის შედეგი გადამწყვეტია ჩვენი ევროპული ინტერესებისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენი ევროპული უსაფრთხოებისთვის“, – მიმართა დე კროომ ზელენსკის.
ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.