დევიდ კამერონი – რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით: ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე უნდა იყოს
რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ, რაფაჰში ღრმად შემაშფოთებელი სცენებია, ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად ღაზაში საომარი მოქმედებები უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმება, ასევე, საომარი მოქმედებების შეჩერება გრძელვადიანი მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ 26 მაისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.