სანდრო გვირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმენენ
საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხვალ, მორიგი პროცესი გაიმართება, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, გვირგვლიანის საქმეზე ბრალდების მხარის 80-ზე მეტი მოწმე დაიკითხა, ხოლო დაცვის მხრიდან – 1.
ორი მოწმე კი, რომელიც დაცვის მხარეს ჰყავდა, პროკურორის ინფორმაციით, საქმიდან მოიხსნა, იმ მოტივით, რომ ისინი სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ, რისი უფლებაც მოწმეს არ გააჩნია.
ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს, რის შემდეგაც პროცესი კამათის ეტაპზე გადავა. პროკურორი ვარაუდობს, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილებაზე სათათბიროდ, დაახლოებით ერთ კვირაში გავა, რის შემდეგაც განაჩენი გამოცხადდება. გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია. ასევე – ვალერიან მეტრეველი, რომელსაც ბრალი საქმის ერთ-ერთ – ოქროყანის ეპიზოდზე აქვს წარდგენილი, თუმცა არა – გირგვლიანის ნაწილში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინათ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვსაც. ახალაიას საქმე მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე, ცალკე წარმოებად გამოიყო, ოლეგ მელნიკოვს კი, – აღიარებითი ჩვენების შემდეგ, საპროცესი შეთანხმება გაუფორმდა. საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.