გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრება.
„გილოცავთ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ვისაც წვლილი შეაქვს ამ მონაპოვრის შენარჩუნებაში და ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნაში.გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება საყოველთაო ზეიმს. ტრადიციულად, ჩვენ სხვადასხვა ლოკაციაზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ვართ წარმოდგენილი. დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობას იღებს ულამაზეს ქალაქ ზუგდიდში. მობრძანებულ სტუმრებს აქვთ საშუალება დეტალური ინფორმაცია მიიღონ დაცული ტერიტორიების შესახებ, გაეცნონ სამეგრელოს რეგიონის დაცულ ტერიტორიებს, რომელიც მართლაც განსხვავებულია თავისი უნიკალური ჩანჩქერებით, კანიონებით. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა სივრცით არის წარმოდგენილი: სტუმრებს საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ;
წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდები. მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედანზე იმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო-გასართობი აქტივობები.
17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
საზეიმო ღონისძიებები ნატო გელაშვილის, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მცხეთაში, ზუგდიდსა და ოზურგეთში იმართება.