პროკურატურა: ჯანაშიას საპენსიო ანგარიში დაყადაღებული არ არის – საგანგებო განცხადება

მთავარი პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და აცხადებს რომ ჯანაშიას საპენსიო ანგარიში დაყადაღებული არ არის. “კვირა” პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ თეიმურაზ ჯანაშიასა და მისი ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ თითქოსდა ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს და მას შესაძლებლობა არ ეძლევა ისარგებლოს კუთვნილი პენსიით, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამოძიებით დადგენილია, რომ თ. ჯანაშიას საპენსიო ანგარიში გახსნილი აქვს „ლიბერთი ბანკში“, ხსენებულ ანგარიშზე პროკურატურას ყადაღის დადება არ მოუთხოვია და ბრალდებულ თ.ჯანაშიას სრული უფლება აქვს განკარგოს მასზე არსებული საპენსიო თანხა. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო თ. ჯანაშიას იმ საბანკო ანგარიშებს, სადაც განთავსებულია ამ უკანასკნელის პირადი თანხა დაახლოებით 270 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის არსებობაც თ. ჯანაშიამ დამალა და არ ასახა საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში. თეიმურაზ ჯანაშია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო საჯარო მოხელე და ამ პერიოდში მიღებული შემოსავლები აშკარა შეუსაბამობაში მოდის მის მიერ შეძენილ უძრავ ქონებასთნ და პირად ანგარიშებზე განთავსებულ თანხებთან, რომელთა წარმომავლობა გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან შეიცავს საქართველოს სსკ-ის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 355-ე მუხლებით (საჯარო მოხელის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული მონაცემის შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: ქ. თბილისში, ა.წერეთელის გამზ. N10-ში მდებარე 112.58 კვ/მ კომერციულ ფართს; ქ. ყვარელში მდებარე 2391 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; ქ. ყვარელში მდებარე 1668 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; მცხეთის რაიონში, სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 1500 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; თ.ჯანაშიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ნუცუბიძის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 800 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 2101 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ; ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N5-ში მდებარე 74.20 კვ/მ საცხოვრებელ ბინასა და 25.10 კვ/მ ავტოსადგომს; ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-5 კვარტალში მდებარე 62.15 კვ/მ საცხოვრებელ ბინას; ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე 18 კვ/მ ავტოსადგომს; შვილის, ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას: ქ. ბათუმში, ნურეთინ ჩარმიქლის ქ.N5-ში მდებარე 53.69 კვ/მ მშენებარე საცხოვრებელ ბინას; შვილის სანდრო თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას: ქ. თბილისში, გაგარინის ქ. N1-ში მდებარე 104 კვ/მ საცხოვრებელ ბინას; თეიმურაზ ჯანაშიას სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დაახლოებით 270 000 აშშ დოლარს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად ედება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 392 827 ლარის გაფლანგვა, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე გადამალავდა მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ბრალდებულ თ.ჯანაშიას ქონებას და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან რამოდენიმე დღეში თ. ჯანაშიამ ზემოთ მითითებული ორი უძრავი ქონება ჩუქების გზით გადააფორმა არასრულწლოვან შვილებზე და დააფიქსირა მეუღლეთან განქორწინების ფაქტი. აღნიშნული ქმედება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჯანაშიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ქონების გადამალვის მცდელობას. ეს ფაქტი სხვა არგუმენტებთან ერთად სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული და საფუძვლად დაედო ყადაღის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებებაზე ყადაღის დადება არის ღონისძიება, რომლითაც სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მესაკუთრეებს ეზღუდებათ მხოლოდ ქონების გასხვისება/გახარჯვა. დაყადაღების შემთხვევაში მესაკუთრე ჩვეულებრივ აგრძელებს საკუთარი დაყადაღებული ქონებით სარგებლობას. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოსამართლე, სასამართლო განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად ყადაღა და ქონების ჩამორთმევა არის სრულიად განსხვავებული ღონისძიებები და მათი გაიგივება მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები