ამირან სალუქვაძე: რასაც ახლა ირაკლი შოთაძის მისამართით წერთ პოლიტიკაში თუ პოლიტიკასთან მყოფნი, ვერ ვიგებ თქვენთვის, თქვენი გადმოსახედიდან, რა პოლიტიკურ სარგებელი აქვს?!

ექსპერტი ამირან სალუქვაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რასაც ახლა ირაკლი შოთაძის მისამართით წერთ პოლიტიკაში თუ პოლიტიკასთან მყოფნი, ვერ ვიგებ თქვენთვის, თქვენი გადმოსახედიდან, რა პოლიტიკურ სარგებელი აქვს?!

ზრდასრული ხალხი ხართ. როცა კითხულობთ, რომ “ხანგრძლივი მკურნალობა მომიწევსო”, ხომ უნდა დაინტერესდეთ, მოიძიოთ, მოიკითხოთ, რეალურად რა რასთან გვაქვს საქმე?! თუ მესიჯბოქსით მოქმედებთ?

დარწმუნებული ვარ ზოგიერთმა თქვენგანმა, განსაკუთრებით ვისაც მასთან გიმუშავიათ და კარგად იცნობთ, დიაგნოზიც იცით, ქვეყანაც და კლინიკაც, სადაც მკურნალობს. მე თუ მაქვს ინფორმაცია, თქვენ ხომ მეტი გეცოდინებათ?! მე ვერ გავასაჯაროვებ სხვის პერსონალურ მონაცემს.

ჰოდა, ვინც იცით და განზრახ კუდების გამობმას ცდილობთ, ეს აჩვენებს თქვენს სახეს.

მსგავსი ინფორმაციები, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ირკვევა და საჯაროვდება. თუმცა ეჭვი მეპარება თქვენ უკან წაიღოთ თქვენი დღევანდელი პოსტები. თუ ჩემი ინფორმაცია აღმოჩნდება არაზუსტი, ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ და დავწერ, რომ თქვენი იყავით მართლები.

სხვათაშორის, ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს მკურნალობას გადის საზღვარგარეთ. მას არათუ ცუდად არავინ ახსენებს, სახელმწიფო ყველაფერს უფინანსებს, ადრე შავ ხვრელს რომ უწოდებდით.

თუმცა, რაც ჩემთვისაა ცნობილი, არ მგონია უზუსტობა იყოს. რიგითი საჯარო მოხელისთვის შესაძლებელი იქნებოდა შვებულების აღება, რაიმე სხვა ფორმის მონახვა. მაგრამ უწყების პირველი პირი რამდენი თვე შეიძლება მოვალეობას არ ასრულებდეს, თუ მან იცის, რომ ერთი შვებულება არ ეყოფა მკურნალობის დასრულებას?

ასეთი საკითხები როცა ირკვევა, მერე ხომ ეს სიძულვილის ნიაღვარი უკან ცუდად გიბრუნდებათ?! ეს თქვენი საქმეა. უბრალოდ წლების მანძილზე საზოგადოებას სიძულვილის გარემოში აცხოვრებთ.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ღმერთმა გაშოროთ დაავადებები! ბატონ შოთაძეს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!”,- წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს გაავრცელა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები