“სამართალდარღვევების დაახლოებით 90 % ნადირობის მცდელობაა, 10 % იმაზე მოდის, როცა პირს კონკრეტული სახეობა მონადირებული ჰყავს” – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
“დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 80%-ია თავმოყრილი”, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეკანოიძემ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც დღეს, 22 მაისს აღინიშნება.
“ზოგადად მინდა, აღვნიშნო, რომ კავკასია და საქართველო “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” შეფასებით, 36 ცხელ წერტილს შორის მდებარეობს, რაც განპირობებულია იმით, რომ საქართველო და კავკასია მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიებია. საქართველოს ტერიტორიაზე სახეობრივი მრავალფეროვნება მრავლადაა წარმოდგენილი. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელი განვითარდეს. მინდა, აღვნიშნო ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. 32 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია შეიქმნა, ჯამურად, 393 000 ჰექტარით გაიზარდა. დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაახლოებით 80%-ია თავმოყრილი.
სახეობების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაერთი მიმდინარე პროექტი აქვს. მოგეხსენებათ, საქართველოში ქურციკი 50-იანი წლების შემდეგ არ გვხვდებოდა. 10 წლის წინ დავიწყეთ პროგრამა და მიმდინარე წელს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვაშლოვანის და სამუხის დაცულ ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული მდგრადი პოპულაციაა, 400-ზე მეტი ერთეული ქურციკი ბინადრობს და ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოხდა გადაშენებული სახეობის აღდგენა საქართველოს ტერიტორიაზე.
ბრაკონიერობა ძალიან მწვავე და აქტუალურია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე დაცულ ტერიტორიებზე.
მინდა, აღვნიშნო მთიანი რეგიონები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ ფასეულობებს, ღირებულებებს სრულად ითავისებს, მათი მხარდაჭერითაც მოხდა ის, რომ ბრაკონიერობის ფაქტები შემცირებულია. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პრევენციული მექანიზმები ხორციელდება, ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერაც ჩნდება. თუმცა, არსებობს საზოგადოების გარკვეული კატეგორია, რომელიც ასე არ ფიქრობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მოვახდინოთ და ისინი ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
მანვე განმარტა, რომელ სახეობებთან მიმართებით ფიქსირდება ბრაკონიერობის ფაქტები.
“ძირითადად არის გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა, ასევე გარეულ ღორზე, მურა დათვზე, შველზე, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა კეთილშობილ ირემთან დაკავშირებით. თუმცა, იშვიათ სახეობებზე ნადირობის შემთხვევები ძალიან იშვიათია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სახეობებზე ნადირობას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება , ხშირად რამდენიმე დღე. ვახსენე ტექნოლოგიური საშუალებები, ფოტოხაფანგი, სმარტმოწყობილეობები, რეინჯერების პატრულირების დროს უფრო მეტია შესაძლებლობა, დროულად იქნეს გამოვლენილი მცდელობა, ვიდრე ნადირობის ფაქტი მოხდება. თუ მონადირებული ცხოველის და ნადირობის მცდელობის სტატისტიკას ავიღებთ, სამართალდარღვევების დაახლოებით 90 % ნადირობის მცდელობაა, 10 % იმაზე მოდის, როცა პირს კონკრეტული სახეობა მონადირებული ჰყავს”, – განაცხადა დეკანოიძემ.