ირანის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

ირანის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპვასთნ დაკავშირებით, ქვეყნის მმართველობაში “შეფერხება არ იქნება”.

მთავრობა მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“ირანელი ხალხის შრომისმოყვარე და დაუღალავი პრეზიდენტმა, რომელიც ემსახურებოდა ირანის დიდ ხალხს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, შეასრულა დანაპირები და ერისთვის სიცოცხლე გაწირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მთავრობა პირობას დებს, რომ „პატივისა და მსახურების გზა“ გაგრძელდება და ქვეყნის მართვაში „მცირე შეფერხებაც“ კი არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას 50 დღის განმავლობაში ირანის პირველი ვიცეპრეზიდენტი – მოჰამედ მოხბერი შეასრულებს.

ამ ხნის განმავალობაში სპეციალურმა საბჭომ ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნები უნდა დანიშნოს, რომელიც შესაძლოა, ივნის-ივლისში ჩატარდეს.

არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების შერჩევას მონიტორინგს გაუწევს სამეთვალყურეო საბჭო (ფაქტობრივად, პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც განიხილავს კანონპროექტებს შარიათთან და ირანის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში).

კონსტიტუციის 132-ე მუხლის მიხედვით, პირველ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის პოსტზე ეკრძალება მინისტრების თანამდებობიდან გადაყენება ან უნდობლობის გამოცხადება, კონსტიტუციის გადახედვა ან რეფერენდუმის ჩატარება.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ვერზეგანის რეგიონში ჩამოვარდა.

დღეს დილით ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰსენ მანსურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი დელეგაცია ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.

დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტიდან ბრუნდებოდა, სადაც რაისი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი მონაწილეობდნენ “გიზ გალასის” ჰიდროელექტროკომპლექსის გახსნის ცერემონიაში და მდინარე არაქსის საზღვარზე “ხუდაფერინის” ჰიდროელექტრო კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები